Rules

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2011 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ლაკადა “ წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ თანდართული წესდება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ჯვარის მრავალდარგოვანი კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – ჯვარის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1113 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ლაკადა “ წესდება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ (შემდგომში – კოლეჯი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. კოლეჯის მისამართია: ქ.ჯვარი, ყაზბეგის ქ. №2.

მუხლი 2. კოლეჯის მიზნები და ამოცანები

1. კოლეჯის მიზანია ფორმალური პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება.

2. თავისი მიზნის მისაღწევად კოლეჯი:

ა) უზრუნველყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;

ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;

ზ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი II

კოლეჯის მართვა

მუხლი 3. კოლეჯის მართვის ორგანოები და კოლეჯის სტრუქტურა

კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო.

მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი

1. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.

მუხლი 5. კოლეჯის დირექტორის ფუნქციები

კოლეჯის დირექტორი:

ა) ახორციელებს კოლეჯის მართვას;

ბ) წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;

დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;

ე) კოლეჯის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;

ზ) არა უგვიანეს პირველი თებერვლისა, აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, ისეთი გარიგებების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება კოლეჯის ბიუჯეტის 5%-ს;

ი) წარმართავს და ზედამხედველობს კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;

კ) ასრულებს კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო

1. კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.

2. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;

გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას;

დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის სამოქმედო გეგმას;

ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ კოლეჯის წესდების პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს კოლეჯის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.

5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:

ბ.ა) კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;

ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;

გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ კოლეჯში;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;

ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;

ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა ძალაში;

ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანადაა აღიარებული;

თ) გარდაიცვალა.

მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.

მუხლი 9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა

1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.

2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;

გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;

დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;

ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.

4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის – დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.

5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 10. სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა

1. სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.

2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის სამინისტრო შეარჩევს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 11. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა

1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით.

2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს კოლეჯის დირექტორი.

3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.

5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ მშობელს.

6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;

ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.

7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.

მუხლი 12. საარჩევნო კომისია

1. პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება კოლეჯის თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი;

ბ) კოლეჯის დირექტორი ან მისი ნათესავი;

გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი III

კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 13. კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 14. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი

1. კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. კოლეჯს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 15. კოლეჯის დაფინანსება

1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

თავი IV

კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 16. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

თავი V

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

მუხლი 17. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი

1. კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კოლეჯის დირექტორი.

2. კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება კოლეჯის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.

3. კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილის დანიშვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.

4. კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯვარის პროფესიული სწავლების ცენტრის უფლებამონაცვლეს.

Leave A Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *