ქსელური (Network) ტექნოლოგიების ტრენერთა მომზადების პროგრამა ანკარაში
თურქეთის თანამშრომობისა და კოორდინაციის სააგენტოს TİKA-ს მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულმა 13 კაციანმა ჯგუფმა 2026 წლის 26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ანკარაში მონაწილეობა მიიღო ქსელური (Network) ტექნოლოგიების ტრენერთა მომზადების პროგრამის დამამთავრებელ ეტაპში.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს 2025 წელს თბილისში ჩატარებული საბაზისო ტრენინგის გაგრძელებას და მიზნად ისახავს მონაწილეთა მოწინავე ტექნიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, ასევე პროფესიული განათლების სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა კოლეჯის „ლაკადა“ „კომპიუტერული ქსელისა და სისტემების“ პროფესიული განათლების მასწავლებელი ნენე ქუხილავა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური სამუშაო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრები გაეცნენ თურქეთის პროფესიული განათლების სისტემას, სასწავლო ინფრასტრუქტურას, სწავლების მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოს.
სასწავლო პროგრამა, TİKA-ს სათავო ოფისში გამართული სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონიით დასრულდა.


~


